გია ვოლსკი: ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს, ეს არის რეალობა
“ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს, ეს არის რეალობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეგულაციების არჩევნებისთვის გამოყენება შეუძლებელია.
„თუ გინდა, საზოგადოება პანდემიისგან დაიცვა, ორი გზა არსებობს, ერთი – მთავრობას მოქმედების რესურსი მისცე და თავის ქმედებებზე პასუხი მოსთხოვო, მეორე – საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადო, რაც ხელს შეუშლის იმ პროცესების განვითარებას, რასაც ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების სახით. ორი არჩევანია და ჩამოყალიბდით, რომელი გჭირდებათ. არჩევნებისთვის ვერაფერს გამოიყენებ. ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ხმა მისცეს „ნაცკლასტერს“, ხმას მისცემს „ნაცკლასტერის“ პოლიტიკურ გუნდს. რეგულაციებს ვერანაირად გამოიყენებ, თუ ამ ადამიანებზე ისეთ ზეწოლას არ მოახდენ, რომ სახლიდან ვერ გამოვიდნენ. ეს წარსულს ჩავაბარეთ. იყო დრო, როცა შეიძლებოდა, პოლიტიკურ ძალას საზოგადოებაზე გავლენა მოეხდინა. ამის აღარც რესურსი და არც სურვილი არ არსებობს. მით უმეტეს, არსებობს საერთაშორისო ზედამხედველობა, შიდა კონტროლს თავი რომ დავანებოთ. ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს და ეს არის რეალობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.