დავით ნარმანია: კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს – ელექტროენერგია, გაზმომარაგება არის სექტორი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა

“კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს, რადგან ელექტროენერგია, გაზმომარაგება არის სექტორი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა”, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

„თუ აღნიშნული ცვლილება მიიღება, მარეგულირებელი კომისია მზად არის, ეს ფუნქცია დამატებით იტვირთოს. ეს იქნება რეგულირების ერთერთი ახალი ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც შევაფასებთ, ხუთი პროცენტი ან მეტი წილის გაყიდვის შემთხვევაში, ახალ მეწილეს რამდენად ექნება უნარი, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ, ხომ არ გამოიწვევს ახალი მესაკუთრის შემოსვლა მომსახურების გაუმჯობესებას ან რამე გავლენას ხომ არ იქონიებს ტარიფებზე. ამდენად, ჩვენი როლი და ფუნქცია ის იქნება, რომ, წილის გასხვისების შემთხვევაში, ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, რადგან ჩვენი ერთერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებლობით მაქსიმუმ სამთვიანი პროცედურა არის შემოთავაზებული, შესაძლოა, მცირე გარიგების შემთხვევაში, ეს ვადაც არ დაგვჭირდეს, იმდენად მოქნილნი ვიქნებით და სწრაფად გავცემთ თანხმობას წილის გასხვისებაზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.

„მაგალითად, მაშინდელი „ყაზტრანსგაზის” თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა. ყველა ისეთ ოპერაციაზე, რაც შეიძლება, არასასურველი იყოს, რამაც შესაძლოა, ქვეყნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს, რადგან ელექტროენერგია, გაზმომარაგება არის სექტორი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა. ამდენად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ასეთი დამატებითი და მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელსაც არაერთი ქვეყანა იცნობს“, – აცხადებს დავით ნარმანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები