ტრამპი საჯარო სკოლების დაფინანსების შემცირებით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლები არ გაიხსნება, ის მათ დაფინანსებას შეუმცირებს.
ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
“გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები გახსნეს უპრობლემოდ. დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ მათთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება, თუ ნოემბრის არჩევნებამდე სკოლები არ გაიხსნება, მაგრამ ეს ბავშვებისა და ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი. დაფინანსება შეიძლება, შემცირდეს, თუ ისინი არ გაიხსნება!”, – დაწერა ტრამპმა.
აშშ-ში საჯარო სკოლები მარტში დაიხურა და მათი უმრავლესობა სასწავლო წლის დასრულებამდე არც გახსნილა. ჯერჯერობით, უცნობია, ქვეყანაში შექმნილი ეპიდევითარების გამო, მომდევნო სასწავლო წლისთვის გაიხსნება ისინი თუ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.
თუმცა, გუშინ ტრამპმა თეთრ სახლში სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გამართა, სადაც თქვა, რომ შტატების გუბერნატორებზე ზეწოლას მოახდენს, რათა სკოლები გახსნან.
შტატებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლობა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაავადების გავრცელების რისკზე საუბრობენ. ინფიცირების ზრდა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში მათ შეშფოთებას იწვევს, რადგან ბავშვებმა შესაძლოა, დაავადება სახლსა და სკოლაში გაავრცელონ.
სასწავლო საშემოდგომო სემესტრის ორგანიზებაზე, ასევე, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანლობა ფიქრობს. მათი ნაწილი ონლაინსწავლებაზე გადასვლას გეგმავს.