გია ვოლსკი: პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა, რომელიც ნათელაშვილის ფანჩატურშია შეკრებილი, საზოგადოების მხარდაჭერის ერთობლიობას არ განაპირობებს
“გაერთიანებული ოპოზიცია არის ადამიანების დროებითი გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ დესტრუქციით შექმნას ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარებთან დაკავშირებით შესაძლო აზრთა სხვადასხვაობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა, რომელიც ნათელაშვილის ფანჩატურშია შეკრებილი, საზოგადოების მხარდაჭერის ერთობლიობას არ განაპირობებს.
„არამარტო ეკლექტიკაა ამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში, არამედ საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები, რიტორიკა, რომელიც დროებით შეიძლება, ერთნაირია. რადიკალურად განსხვავებული ფასეულობები, რომლებიც გაერთიანებულია იმ სადისტური ფასეულობების გარშემო, რაც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს შეუთავსებლობა განაპირობებს შეუთანხმებლობას. შეუთანხმებლობა განაპირობებს სურათის დანახვას, ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ადამიანების დროებითი გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ დესტრუქციით შექმნას ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა, აიღოს ხელისუფლება და გააგრძელოს იმავე დესტრუქციით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. აქედან გამომდინარეა საფრთხე დასანახი. ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება. მე დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება სწორად აფასებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.