ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, ავსტრია მესამე ქვეყნებისთვის საზღვარს არ გახსნის
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით, ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, ქვეყანა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს არ გახსნის.
მისი თქმით, ავსტრია კონცენტრირებულია მხოლოდ შიდაევროპულ ზონაზე, ის შეთანხმება კი, რომელიც მესამე ქვეყნებს შეეხება, მხოლოდ რეკომენდაციაა.
ამის პარალელურად, ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვა დაწესდება, ამ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით გაუარესებული ვითარების გამო.
ხვალიდან რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის მოქალაქეებმა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ ან 14-დღიანი კარანტინი გაიარონ. კარანტინის დარღვევა 1450 ევროს ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.
კანცლერის თქმითვე, ხვალიდან უნგრეთისა და სლოვენიის საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დასავლეთ ბალკანეთიდან ბრუნდება.
ამასთან, შეზღუდვები მოიხსნება ევროპის 32 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა პორტუგალიის, ბრიტანეთისა და შვედეთისა.