კონკურსი CARYS ევროკომისიის მეცნიერების მხარდამჭერი სტრუქტურის რეკომენდაციებითა და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის – CARYS საბოლოო შედეგები გამოცხადდა. კონკურსში 36-მა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა.
რუსთაველის ფონდის ინფორმაციით, გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (GENIE – Georgia National Innovation Ecosystem) ნაწილს, რომელსაც ახორციელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების თანახმად. GENIE პროექტის ბიუჯეტიდან (23 მლნ დოლარი) გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა ფინანსდება 3 მლნ აშშ დოლარით და მას ღია საჯარო კონკურსის წესით ადმინისტრირებას უწევს რუსთაველის ფონდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტოსთან ერთად.
“პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საგრანტო დაფინანსების სრულიად ახალი, ინოვაციური სქემა, რომელიც ემყარება ერთის მხრივ, მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებს და მეორეს მხრივ, ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დირექტორატთან არსებული მეცნიერების მხარდამჭერი სტრუქტურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, როგორიცაა:
• საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და მასში ქართული მეცნიერების ნიშის გაჩენა;
• სამეცნიერო სექტორსა და ბიზნესს შორის კავშირების დამყარება – ინტერესების ძიება და კოლაბორაციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
• ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა სამეცნიერო ინოვაციების განვითარების პროცესში;
• ახალგაზრდების კვლევითი და ტრანსფერული უნარების გაძლიერება როგორც წამყვან მეცნიერებთან პროექტებში აქტიური ჩართულობით, ასევე ბიზნესთან კოლაბორაციით.
გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსისCARYS დიზაინის ძირითადი ასპექტები აღებული იყო ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა “ჰორიზონტ 2020” უახლესი და სამომავლო ტექნოლოგიების განვითარების (FET) კონკურსიდან.
მეცნიერებისა და ბიზნესის კოლაბორაციისათვის აღნიშნული კონკურსი, სხვა ტრადიციული კონკურსებისაგან განსხვავებით, მიმზიდველი გახადა როგორც შესყიდვების განხორციელების, ასევე პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების მოქნილი მართვის შესაძლებლობამ.
კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების შეფასება განხორციელდა 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე პროექტები შეფასდა ფონდის პარტნიორი ორგანიზაციის ევროპული სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერტების მიერ (peer reviewer), ხოლო მეორე ეტაპზე, შეფასებები განახორციელა კონკურსის წესით შერჩეულმა 5 საერთაშორისო ექსპერტისაგან შემდგარმა კომისიამ. კომისიის წევრების შერჩევა ხდებოდა 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით: გამოცდილება კვლევების მენეჯმენტში; გამოცდილება ტექნოლოგიური ტრანსფერის საკითხებში; გამოცდილება ინოვაციების ინვესტიციასა და მართვაში.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ადმინისტრირების ყველა ეტაპი ხორციელდება ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებისმჭიდრო თანამშრომლობით,”- ნათქვამია რუსთაველის ფონდის ინფორმაციაში.