გიორგი გახარია: 1-ელი ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებსა და სოციალურ აგენტებს
“1-ელი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი, ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი.
„გარდა ამისა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ, ერთი მხრივ, პენსიის გაზრდისა და, მეორე მხრივ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც, როგორც შედეგი პენსიის ზრდა ყოველ წლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ ყველამ პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.