გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში:  ცვლილებებს კონსტიტუციაში აღვწერდი, როგორც ისტორიულს – მინდა მივულოცო ქართველ ხალხს

ცვლილებებს კონსტიტუციაში აღვწერდი, როგორც ისტორიულს – მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ეს ცვლილებები, და თავს ვუხრი ფასილიტატორებს , – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჯასთინ მაქქენზი სმითმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) მეორე პანელზე განაცხადა, რომელიც zoom-ის ფორმატში ჩატარდა.

ელჩი ასევე შეეხო საქართველოს ისტორიას და ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები თავად ქართველებზე იყო და არის დამოკიდებული, ამასთანავე, მათში საერთაშორისო საზოგადოებასაც აქვს როლი.

„მთავარია თვითონ არჩევნების პროცესი და ის, თუ რას აკეთებს საქართველო, ქვეყანა, როგორ მუშაობს. საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენთვის კი მთავარია, მოვნახოთ ამ ყველაფრის მხარდაჭერის გზები, თუმცა პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ორშაბათის ცვლილებებს კონსტიტუციაში აღვწერდი, როგორც ისტორიულს და ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იყენებს ამ ტერმინოლოგიას. მინდა მივულოცო პირველ რიგში ქართველ ხალხს, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ეს ცვლილებები, მსურს, თავი დავუხარო ფასილიტატორებს და მადლობა გადავუხადო. არავისთვის იქნება შეურაცხმყოფელი, თუ ვიტყვი, რომ ისინი დისკუსიასა და კონსენსუსის მიღწევაში იყვნენ მხარდამჭერები, მთავარი საქმე გასაკეთებელი იყო პარტიებს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სმითმა.

1919 წლის დემოკრატიული არჩევნები ექსტრაორდინალური იყო, სადაც 5 ქალი პარლამენტარი აირჩიეს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ამ პროცესს თვითონ ქართველები და საქართველო ამოძრავებდა. საერთაშორისო საზოგადოებრიობა თამაშობდა როლს, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, როცა საქმე ეხებოდა დამოუკიდებლობას, თუმცა მთავარი, წამყვანი ძალა თვითონ საქართველო იყო.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რომ შევხედოთ ჩატარებულ არჩევნებს, განსაკუთრებით, 2003 წლის ნოემბრის არჩევნების მერე, ცვლილებები, რა დისტანციაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა გაიარა, აღმაფრთოვანებელია. საერთაშორისო საზოგადოებამ ითამაშა როლი, მაგრამ ეს მხარდამჭერის როლი იყო. ცვლილებები, დემოკრატიული სისტემის გაძლიერება კი საქართველოს ეხებოდა.

ცოტა პროვოკაციული, რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველი საქართველოში იმ დღეს, როცა საერთაშორისო საზოგადოების როლი საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება.

არჩევნებთან დაკავშირებით არ მუშაობს ის, რომ გამოცდილებასთან ერთად და პრაქტიკაში იხვეწები. ჩვენს ქვეყანაშიც, სადღაც 30-მდე სხვადასხვა რეკომენდაცია მივიღეთ, როგორ გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი. დემოკრატიზაციის პროცესი გრძელდება და მინდა მოვუწოდო ქართველ საზოგადოებას, რომ მათაც ასე გააგრძელონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ სრულ მონაწილეობას, ვიქნებით საერთაშორისო დამკვირვებელთა კონტიგენტში, იქნებიან ადგილობრივი დამკვირვებლებიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, მედიის აქტიური ჩართულობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები არაა მხოლოდ ის, რაც საარჩევნო დღეს ხდება. არჩევნები რეალურად იმ დემოკრატიული ფუნდამენტის, საფუძვლების დაცვაა, რომელიც არსებობს, რომელიც უკვე ააშენა და შექმნა საზოგადოებამ“, – აღნიშნა ჯასთინ მაქქენზი სმითმა.

ბრიტანეთის ელჩი შეეხო ქალების წარმომადგენლობის საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული სისტემები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იყოს.

„ეს მოიცავს ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობასაც სისტემებსა და საარჩევნო პროცესშიც. ბოლო ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 4 მარტს მქონდა, პრეზიდენტის მიმართვა იყო პარლამენტისადმი, მძიმე შეგრძნება მქონდა, გარშემო როცა მიმოვიხედე, ძალიან ცოტა ქალი დავინახე, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. ეს გამოწვევაა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, უნდა შეიცვალოს ეს და მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ წლევანდელი არჩევნების მოახლოებით, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ქალთა წარმომადგენლობა როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონალურ დონეზე“, – აღნიშნა ჯასთინ მაქქენზი სმითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები