საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ელჩებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ იყო ორიენტირებული.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.
“როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.
სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია “ფეიკნიუსები”, დეზინფორმაცია, “სიძულვილის ენა” ჩვენს პარტნიორებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.
იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.