„აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში” – ტურიზმის ადმინისტრაციამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შიდა ქართლში პრესტური მოაწყო

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო. „აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში”, – ამ სლოგანით ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შიდა ქართლში პრესტური მოეწყო.

შიდა ქართლის ტურისტულად პოპულარულ ადგილებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა და მათ რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურში სხვადასხვა ტელევიზიისა და გამოცემის 22 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ბლოგერი მონაწილეობდა.

“პრესტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე, ახლახან რეაბილიტირებული სხვილოს ციხე, სურამის ციხე, კოდიწყაროს ტბა და გრაკლიანის მუზეუმი მოინახულეს. ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები შატო შარამანს ეწვივნენ, სადაც შიდა ქართლში ცნობილი სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ რეგიონში აგროტურიზმის პოტენციალს და გოჯიაშვილის ვაშლის ბაღებს ესტუმრნენ.

ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები ქვიშხეთში ახლადგახსნილ 4-ვარსკვლავიან ეკოსასტუმროს „მწერლები” ესტუმრნენ, რომელიც 15 ივნისიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ახალი სასტუმრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოს” პროექტის მხარდაჭერით გაიხსნა”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები