რუსეთში სკოლაზე თავდამსხმელი წარჩინებული მოსწავლეა

    ოტრადნოის ქუჩაზე მდებარე მოსკოვის 263-ე სკოლაში უფროსკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც პოლიციელი სერგეი ვიქტოროვიჩი და გეოგრაფიის მასწავლებელი კირილოვ ანდრეი ნიკოლაევიჩი გარდაიცვალა. პოლიციის უფროსი სერჟანტი ვლადიმირ ალექსანდროვიჩ პროხინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უფროსი კლასის მოსწავლე, რომელმაც სროლა ატეხა, მეათეკლასელი სერგეი გორდეევი აღმოჩნდა. ორი შაშხანა, სანადირო თოფი და დაბალკალიბრიანი იარაღი მამამისს ეკუთვნის და მასზე არის გაფორმებული. პოლიციის განცხადებით, გორდეევი კარგი სტუდენტი იყო. საგამოძიებო სააგენტოების ვარაუდით, ინციდენტი შესაძლოა ემოციურმა აშლილობამ გამოიწვია. თუმცა სამართალდამცველებმა „ინტერფაქსს“ ისიც განუცხადეს, რომ ინციდენტი გეოგრაფიის მასწავლებელთან კონფლიქტს მოჰყვა. თავდამსხმელის მამა სამართალდამცველებს შვილის დაკავებაში დაეხმარა. შეიარაღებულმა სკოლის მოსწავლემ შენობაში შესვლა მოახერხა. მან სკოლის დაცვას ცეცხლი გაუხსნა და ბიოლოგიის კაბინეტისკენ გაემართა, სადაც ხმის ამოუღებლად მასწავლებელს რამდენჯერმე ესროლა, რამდენიმე წუთში კი სამართალდამცველები მივიდნენ. მან კლასის კარი გააღო და კიდევ რამდენჯერმე გაისროლა.
საკლასო ოთახში ჩაკეტილი დაახლოებით 20 მოსწავლე უკვე გათავისუფლებულია, დანარჩენი მოსწავლეები კი ევაკუირებული არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, არც ერთი მათგანი არ დაზარალებულა. როგორც მერვე კლასის მოსწავლემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავიდან მოსწავლეებს პანიკისგან თავის დაზღვევის გამო არ ეუბნებოდნენ, რა მოხდა.
„ინციდენტის შემდეგ ჩვენთან შემოვიდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გვითხრა, რომ ჩაგველაგებინა ნივთები და სანამ სკოლის დატოვების ბრძანება არ იქნებოდა, ადგილზე დავრჩენილიყავით. მან მოგვიწოდა სიმშვიდისკენ. ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიგეთ მომხდარის შესახებ, როცა სკოლის ტერიტორიიდან გამოგვიყვანეს“, – ამბობს გოგონა.
ინციდენტის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი მივიდა. სკოლასთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, ექიმები, ფსიქოლოგები, კინოლოგები კი შენობას ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები