სუს-ის უფროსი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.
შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გაუზიარეს საკუთარი შეფასებები ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით და მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სიტუაციაზე. ქართული მხარე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებს შეეხო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში.
აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის განსაკუთრებულ როლზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა მისიის მანდატის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელი საჭიროება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.