“სააკაშვილი არაადეკვატურია, არ მგონია, მისი გუნდის წევრებსაც გახარებოდათ ის სულელური განცხადებები, თუ როგორ ჩაარჭო პუტინმა ფრჩხილები მუხლში და როგორ იხტუნავა ფანტანზე ტრამპთან ერთად”
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილი არაადეკვატურია.
“რა კომენტარებიც მოვისმინე, გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია. არ მგონია, მისი გუნდის წევრებსაც ძალიან გახარებოდათ ეს სულელური განცხადებები, თუ როგორ ჩაარჭო პუტინმა ფრჩხილები მუხლში, ფანტანზე როგორ იხტუნავა ტრამპთან ერთად, დავით აღმაშენებელთან საკუთარი თავის შედარება და უამრავი სხვა რამ, მაგრამ კიდევ ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი, თურმე, მას ბაიდენმა უთხრა, თუკი რუსი ჯარისკაცი წყლიდან თავს ამოყოფს, აშშ მზად არის, რუსეთის სამხედრო აგრესიას დანებდეს. რეალურად, ეს თქვა თუ არა, ერთი საკითხია, მაგრამ ასე გასროლილი ფრაზები, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთ სერიოზულ თემაზე, რასაკვირველია, არის საკითხი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.
გარდა ამისა, ჩვენ ვიცოდით, რომ 5 თუ 4 შეხვედრა ჰქონდა პუტინთან. ის ამბობს, რომ 40-45 შეხვედრა ჩაატარა. იმ თემებთან მიმართებით, რაზეც მე და ჩემს კოლეგებს გვისაუბრია, თუ როგორ აწყობდა რუსეთს ეს ოკუპაცია, როგორ ჩაატარა ეს კონსპირაციული ოპერაცია და სად დებს ბრალს სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, რომ რუსეთთან ითანამშრომლა, ეს ყველაფერი თითქოს ზედაპირზე ამოვიდა კომენტარების დროს. არის არაადეკვატური კომენტარები. არის კომენტარები, თითქოსდა, რაღაცის აღიარება, რომელსაც თვითონ არ აქცევს იმდენ ყურადღებას, რამდენიც შეიძლება, მსმენელმა მიაქციოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.