ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი
„ანტკრიზისული გეგმა და, შესაბამისად, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს როგორც კოვიდინფექციასთან ბრძოლას, ასევე – სოციალურ მიმართულებებს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის დახმარებებსა და ბიზნესის მხარდაჭერასაც, ამავე დროს, იგი ქმნის სასტარტო პირობებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ეკონომიკა მალევე იქნას გადაყვანილი სწრაფი განვითარების რეჟიმში”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს.
მისი თქმით, 2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, პანდემიის შედეგად გვაქვს როგორც მიწოდების, ასევე – მოთხოვნის შოკი, რაც იწვევს ეკონომიკის შემცირებას. სწორედ ამან განაპირობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.
„გასულ წლებში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა სავალუტო ფონდთან წარმატებით განხორციელებულ პროგრამასთან ერთად იყო ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, უმოკლეს დროში საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიგვეღწია შეთანხმებას საქართველოსთვის დამატებით 1,5 მლრდ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე”, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ვალის შემდგომი ზრდის კონტროლის მნიშვნელობას.
„სამომავლოდ აუცილებელია სახელმწიფო ვალის შემდგომი ზრდის კონტოლი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკის მდგრადი განვითარება. მთავრობამ, კონკრეტულად კი, ფინანსთა სამინისტრომ გასწია შრომატევადი და მოცულობითი სამუშაოები, თუმცა რეალობა ყოველდღიურად იცვლება, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ საქმიანობას”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ფართოვდება იმ ადამიანთა წრე, ვინც დახმარებებს მიიღებს.