მამუკა არეშიძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე: რამდენიმე განცხადება ლოგიკას მოკლებულია, “ქილერები” არ დადიან და სოფელ-სოფელ იარაღს არ ეძებენ

კონფლიქტოლოგის, ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბევრი კითხვა ჩნდება. ამასთან დაკავშირებით არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რამდენიმე განცხადება, რაც მოვისმინეთ, ლოგიკას მოკლებულია. მაგალითად, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისფლების მეგობარი და პარტნიორია, ანუ რა გამოვიდა? რუსეთის ხელისუფლებამ თავის პარტნიორთან საქართველოში “ქილერი” გამოგზავნა, რომელიც ჩაიდენდა მკვლელობას და შემდეგ ეს მთავრობა დაემხობოდა. ეს ლოგიკაა, რაც მოვისმინეთ გვარამიას განცხადებაში. ასევე საეჭვოა ის, რომ თუ გვარამიამ ეს ამბავი 1 თვის წინ იცოდა, რატომ არ იცოდა გაბუნიამ? ბევრი კითხვაა. თუ “ქილერია”, მაშინ ის იარაღს ასე სოფელ-სოფელ არ ეძებს“, – განაცხადა არეშიძემ.
არეშიძე აცხადებს, რომ სუს-ის მიერ დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვთან დაკავშირებით მას უკრაინაში ინგუშური დიასპორის წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჰქონდა.
„ეს არის ერთი წყარო, ვერ ვიტყვი, რომ მთელს დიასპორას ველაპარაკე. მითხრეს, ვიცნობთ შორიდან ამ პიროვნებას, არაფერი განსაკუთრებული მასში, რომ ყურადღება იყოს მისაქცევი, არააო, არც მის ბიოგრაფიაში მიგვითითებს რამე, რომ შეიძლებოდა, ამ გზაზე დამდგარიყოო. მის წარსულში კრიმინალური ელემენტები არის, მაგრამ ეს არ არის ისეთი, რომელიცა ამ გზაზე დააყენებდა ადამიანს. მოკლედ, მათი მთავარი შეფასება იყო ასეთი, რომ ეს არ არის გამორჩეული პიროვნება, რომელზეც შეიძლება, ასეთ სიტუაციაში არჩევანი შეაჩერო. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ შეიძლება, ზედაპირული, ტენდენციური ყოფილიყო ეს შეფასება.
მე სხვა რამ მაინტერესებს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით – მაგალითად, ის, რატომ პოზიციონირებდა ის გარკვეული დროის განმავლობაში, როგორც ნარკობარიგა? ისმოდა ამაზე ხმები, თუმცა ნარკოტიკებთან დაკავშირებით ვერცერთი ფაქტი მომიყვანეს. რატომ მოძრაობდა ეს ადამიანი ასე? რატომ ტოვებდა კვალს? უამრავ ადამიანს შეხვდა. ბევრი გაიცნო, რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, ქისტებს ვგულისხმობ. მაგალითად, ავტოსარემონტო სახელოსნოში, სხვა ასეთი ტიპის დაწესებულებებში დადიოდა. გარდა ამისა, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ის პანკისის ხეობაში იარაღს ეძებდა. “ქილერები” არ დადიან და სოფელ-სოფელ იარაღს არ ეძებენ, თუ მართლა ასეთი სერიოზული დავალება აქვთ. რუსული სპეცსამსახურების მოქმედების კლასიკაში ეს არ ჯდება. არ არის გამორიცხლი, რომ იყო დავალება, მაგრამ შეიძლება, სხვა ჯგუფი იყო, ეს სხვა ტიპის ინიციატივას იჩენდა. მინდა, გითხრათ, რომ ბრიფინგმა, რომელიც ჩატარდა გვარამიას მონაწილეობით, ბევრი კითხვა გააჩინა. არ ვამბობ იმას, რომ კადიროვს დავალება არ გაუცია ან გაუცია. მე ეს არ ვიცი. ეს უნდა გადამოწმდეს. ინფორმაციის სიმწირე გვაქვს. კატეგორიული დაკსვნებისგან თავს შევიკავებ. ვიტყოდი, რომ თუ ის, რაც მოვისმინეთ, რეალურია, მაშინ ძალიან სერიოზული ხიფათი ასცდა ქვეყანას. პირველ ყოვლისა, დესტაბილიაზაციას ვგულისხმობ. ამ პირობებში მთავარი დარტყმა ხელისუფლებაზე იქნებოდა. ეს გამოიწვევდა ძალიან სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას, მით უმეტეს, ამ არჩევნების წინ. ბევრს შეეძლო, ეს სათავისოდ გამოეყენებინა”, – აცხადებს არეშიძე.
მამუკა არეშიძე რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული რამზან კადიროვის განცხადებასაც გამოეხმაურა.
“ზოგ შემთხვევაში მისი მუქარა სრულდება სასიკვდილო განაჩენით, ზოგ შემთხვევაში მუქარა რჩება მუქარად. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ, თუნდაც, გახმაურებული მკვლელობები, რომელიც კადიროვის სახელს უკავშირდება, მაგრამ ასევე არაერთი მისი მოწინააღმდეგე და მტერი თავისუფლად გრძნობს თავს”, – განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, 15 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. ნიკა გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ დაკავებულს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – წერია სუს-ის განცხადებაში.
რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული რამზან კადიროვი საქართველოში ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას გამოეხმაურა.
“ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაიჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ხაზს ვუსვამ, თუ როგორ მიაყენა შეურაცხყოფა მან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, შესაბამისად, პირადად მე. უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ – ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას”, – განაცხადა კადიროვმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები