პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლა: პროგრამის ყველა მონაწილემ გამოხატა უდიდესი დაინტერესება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცებაში
პროგრამის ყველა მონაწილემ გამოხატა უდიდესი დაინტერესება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცებაში, – ამის შესახებ პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის ბლოგშია ნათქვამი სახელწოდებით “გლობალური ხედვის რეზიდენტურის ვირტუალური და სამომავლო კურსები”.
როგორც ბლოგშია აღნიშნული, “ადვილი წარმოსადგენია საქართველოში გლობალური რეზიდენტურის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა იმედგაცრუება, როცა კარზე მომდგარმა ვირუსმა გააქარწყლა მაისის დასაწყისში თბილისში ესოდენ ნანატრი ვიზიტის განხორციელების გეგმა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ჩავატარეთ ეს კურსი და ფიზიკური რეზიდენტურა ჩავანაცვლეთ ონლაინპროგრამით. მართალია, იყო ეჭვები ამ ვარიანტის წარმატებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კოლუმბიის ოლქსა და თბილისს შორის 8-საათიანი განსხვავების გამო, მაგრამ ვირტუალურმა ვარიანტმა მაინც გაამართლა”.
„იმ სტუდენტებს და ლექტორებს, რომლებიც შარშან ნოემბერში ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას, უნდა ახსოვდეთ აღტაცება საქართველოს საკითხებში კურსის ჩატარების პერსპექტივასთან დაკავშირებით – საქართველო ხომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა; ადგილი, სადაც ევროპა ხვდება აზიას; ულამაზესი მთების, მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა; დემოკრატიის ლიდერი კავკასიურ და მეზობელ სახელმწიფოთა შორის. მიღების ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობდა ელჩი დავით ბაქრაძე, წარმოჩენილი იყო ჩვენი პარტნიორობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან – მესამე სექტორი – განვითარების ცენტრი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ფონდი „პროდემოსი. ჩვენ, ასევე, გავეცანით სტუმართმოყვარე და ხელგაშლილ ქართველ ხალხს და დავაგემოვნეთ სამარკო ღვინო და საუცხოო კერძები”,- ნათქვამია პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.
იმის დასტურად, რომ ვირტუალურმა ვარიანტმა გაამართლა, გამოქვეყნებულ ბლოგში მოყვანილია რამდენიმე სტუდენტის შთაბეჭდილება, რომლებიც საუბრობენ სწავლებაში ჩართული გამოცდილი ადამიანების ძალისხმევაზე, რომელმაც განაპირობა კურსის წარმატება. ასევე, აღნიშნულია ხანგრძლივი დისკუსიები მაღალი რანგის ქართველ პოლიტიკოსებთან, ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან და დიპლომატებთან
„კურსი ძალიან მომეწონა. ბევრი ინფორმაცია მივიღე, თანაც ონლაინ პროგრამის დროს კონცენტრირება ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე თავიდან მეგონა”,- ამბობს დევონ მერფი.
ანა-მაია მატილა-ლიტვაკის თქმით, ის ძალიან აფასებს სწავლებაში ჩართულ გამორჩეულ და გამოცდილ ადამიანებს, ასევე, იმ ენთუზიაზმსა და ძალისხმევას, რომელმაც ამ ვირტუალური პროგრამის დიდი წარმატება განაპირობა”.
გერი კროუნი კი განსაკუთრებით ღირებულად მაღალი რანგის ქართველ პოლიტიკოსებთან, ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან და დიპლომატებთან ღია და ხანგრძლივ დისკუსიებს მიიჩნევს.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ქართველი პარტნიორების წყალობით, ვირტუალურ პროგრამაში ჩაერთვნენ შესანიშნავი სპიკერები, რომელთაც უზრუნველყვეს არაფორმალური, გულწრფელი კომუნიკაცია – Chatham House-ის ცნობილი წესის შესაბამისად.
„ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრამაში მონაწილე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ყურადღებამ და მზრუნველობამ, ენთუზიაზმმა, საქმისადმი ერთგულებამ და გახსნილობამ. ესენია: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ამ ადამიანებმა, რომელთაც თავიანთ მიმართულებებში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ, სიხარულით გაგვიზიარეს ინფორმაცია თავიანთი წარმატებისა თუ გამოწვევების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ უშუალოდ ვიგრძენით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გულისცემა საუბრებში ისეთ პირებთან, როგორიცაა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, „აწარმოე საქართველოს” დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, „მესამე სექტორი – განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა, ფონდის „პროდემოს” პროგრამების ხელმძღვანელი ლუკა კურდღელია, ასევე, მარგარეტ შაქარაშვილი, რომელიც თანამშრომლობს როგორც „მესამე სექტორთან”, ისე ორგანიზაცია Heritage Foundation-თან. და ეს გახლავთ სპიკერებისა და გამომსვლელების მხოლოდ მოკლე სია. ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა დისკუსიები ელჩ დავით ბაქრაძესთან და აშშ-ში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ციკოლიასთან. პროგრამის ყველა მონაწილემ გამოხატა უდიდესი დაინტერესება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცებაში და თავისუფლებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით საქართველოს, როგორც დემოკრატიულად მოაზროვნე ქვეყნების საზოგადოების წევრის, მისწრაფებების მხარდაჭერაში. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების მოლოდინში ელჩმა ბაქრაძემ მიგვიწვია ქართულ სუფრაზე კოლუმბიის ოლქში. ჯერ უცნობია, როდის შევძლებთ ამ გულუხვი შეთავაზებით სარგებლობას, მაგრამ მომავალში ჩვენ ნამდვილად მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვთქვათ ტრადიციული ქართული სადღეგრძელოები – ოჯახის, ჩვენი ქვეყნების, მეგობრობის, სიყვარულისა და მშვიდობის სადიდებლად. ჩვენი ქართველი პარტნიორების მიერ წამოწყებული საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე პროგრამა გააშუქა „ამერიკის ხმის” ქართულმა სამსახურმა. გარდა ამისა, „მესამე სექტორი – განვითარების ცენტრის” თავმჯდომარემ, ქეთევან ჩაჩავამ ჩამომართვა ინტერვიუ თავისი ორგანიზაციის ახალი პოდკასტისთვის”,- ნათქვამია პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.