ლევან ნიკოლეიშვილი: კადიროვის განცხადება ბაქი-ბუქის ნაწილია, ის ცდილობს, თავის უფროსებთან ქულები დაიწეროს

ანალიტიკოსის, ექსპერტის სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული, რამზან კადიროვი თავისი განცხადებით ცდილობს, მის უფროსებთან უფრო მეტი ქულა დაიწეროს. ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„არ არის გასაკვირი მისი პიროვნებიდან გამომდინარე ასეთი განცხადება. კადიროვი გამოირჩევა ხოლმე ასეთი უცნაური გამოსვლებით. ეს განცხადება შეიძლება, აღვიქვათ, როგორც სერიოზულად, ასევე, არასერიოზულად იქედან გამომდინარე, რომ ასეთმა პიროვნებებმა შეიძლება, ყველაფერი გააკეთონ. მეორე – ეს არის ერთგვარი ბაქი-ბუქის ნაწილი, რა თქმა უნდა, კადიროვი ცდილობს, გაატაროს იგივე პოლიტიკა, რასაც რუსეთის ფედერაცია ატარებს. ის რუსეთის განუყოფელი ნაწილია, რუსეთის ხელისუფლების ქვეშევრდომია, ცდილობს, უფრო მეტი ქულა დაიწეროს თავის უფროსებთან თავისი განცხადებებით, რომელიც, შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში სცილდება მაღალი რანგის თანამდებობის პირის შესაფერს განცხადებებს.

ძალიან კარგად იმოქმედეს საქართველოში შესაბამისმა სამსახურებმა, რომ დანაშაულის აღკვეთა და პრევენცია თავიდანვე მოხდა. როცა ამაზე ვსაუბრობთ, ერთი რამაა გასათვალისწინებელი – დანაშაულის გახსნა ყოველთვის უფრო მაღალხარისხიანია იმ შემთხვევაში, როცა არ დაუშვებ დანაშაულის მოხდენას და მანამდე მოხდება პრევენცია. აქ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რაც ყველაზე ძვირფასია”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული, რამზან კადიროვი საქართველოში ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც კადიროვი “ტელეგრამ-არხზე” წერს, “მედიაში აქტიურად ციტირებენ საქართველოდან შეუმდგარი ჟურნალისტის განცხადებას. ამტკიცებენ, რომ მის წინააღმდეგ იგეგმებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ დაკვეთილი თავდასხმა”.
“ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ხაზს ვუსვამ, თუ როგორ მიაყენა შეურაცხყოფა მან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, შესაბამისად – პირადად მე. უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ – ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას”, – განაცხადა კადიროვმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები