“ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმა” – რამზან კადიროვი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული რამზან კადიროვი საქართველოში ​ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას ეხმაურება.

როგორც კადიროვი “ტელეგრამ-არხზე” წერს, “მედიაში აქტიურად ციტირებენ საქართველოდან შეუმდგარი ჟურნალისტის განცხადებას. ამტკიცებენ, რომ მის წინააღმდეგ იგეგმებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ დაკვეთილი თავდასხმა”.

“სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს ბედით განაწყენებული ადამიანების იგავები. ისინი მოქნილად ცდილობენ, წარმოაჩინონ საკუთარ თავი საინფორმაციო ველში, თუმცა მათ სულ უფრო ღრმად იწოვს მორევი. მინდა, მხოლოდ ვთქვა, რომ დღეს ქართული პოლიტიკა ცარიელია ისევე, როგორც უკრაინული. ერთ დროს წარმატებით განვითარებად ქვეყნებს მართავენ ადამიანები, რომლებიც, ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.

ამჯერად ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. გიორგი გაბუნიას, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს,  სერიოზული მედიარედაქციიდან კინწიყვრით აგდებენ.

ხაზს ვუსვამ,  თუ როგორ მიაყენა შეურაცხყოფა მან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, შესაბამისად პირადად მე. უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ – ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. ვურჩევ მას, გააკეთოს სწორი დასკვნები და თავისი გონება წესრიგში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ის ჩემს მტრად დარჩება.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, თავდასხმის დამკვეთის შესახებ ინფორმაცია გადასცა – მინდა,  ვურჩიო, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ გაიხადოს თავი საზოგადოების დასაცინი. ასეთი ცნობები მტკიცებულებების ბაზასთან ერთად მაინც გაავრცელეთ. ისედაც, ბოლო წლებია, პიარს მხოლოდ ჩემი სახელის ხარჯზე იკეთებთ. არ გამოგდით საკუთარ ხალხთან მუშაობა, შედეგად, პერიოდულად ახსენებთ საკუთარ თავს ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამ პიარისთვის ჩემ წინაშე ვალში ხართ. გახსოვდეთ ეს!”, – წერს კადიროვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები