დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა. საკითხი კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.

მისი თქმით, პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებზე და ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილებზე.

2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, ჯანმრთელობის დაცვის და ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დიაგნოსტირებისთვის საჭირო ხარჯებთან ერთად აუცილებელი გახდა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით ემოქმედა კანონმდებლობით განსაზღვრული ფისკალური პარამეტრების ზღვრებს მიღმა.

მომხსენებლის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მარტის დასაწყისიდანვე დაიწყო მუშაობა ერთის მხრივ ბიუჯეტის არსებული პროგრამების შემცირებაზე და მეორეს მხრივ საერთაშორისო პარტნიორებისგან დამატებითი რესურსების მობილიზებაზე.

გიორგი კაკაურიძემ დეტალურად მიმოიხილა და განმარტა მთავარ საფინანსო დოკუმენტში წარმოდგენილი ცვლილებები.

კომიტეტი წევრების მხრიდან დაისვა მრავალრიცხოვანი და ზოგ შემთხვევაში მწვავე შეკითხვები. რომელთაც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების შესრულების მაჩვენებლები.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინტერესის სფეროში შემავალ უწყებებზე.

მან ასევე გააცნო კომიტეტს ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” და „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან მიყენებული ანდა შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას.

მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2000 წლის 14 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ვმო-ში მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების თანახმად, საქართველო ვერ გამოიყენებს ვაჭრობაში დამცავ ზომებს, მათ შორის ანტიდემპინგურ ღონისძიებებს, მანამ სანამ ქვეყანაში არ იქნება ვმო-ს მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ქვეყანაში ვმო-ს პრინციპებისა და ნორმების შესაბამისი, ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის არსებობა, რასაც ემსახურება წარმოდგენილი დოკუმენტი.

პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა პარლამენტის წევრთა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი.

მისი თქმით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას ასეთი ქმედებისთვის.

ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება.

კანონმდებლობით ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება.

კანონპროექტით რეგულირდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას კონკრეტულ სამართალდარღვევებზე გაცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალი წესი.

აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის ეფექტური. კერძოდ, პრობლემურია პირისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა. ამიტომ კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი არის აგრეთვე სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას (როდესაც ადგილზე არ იმყოფება სამართალდამრღვევი) დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და პროცედურის დახვეწის აუცილებლობა.

კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, საინტერესო კანონპროექტია წარმოდგენილი, რომელიც დედაქალაქში მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს მოაწესრიგებს.

პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განმარტა წარმოდგენილი ცვლილების არსი.

კანონპროექტის მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტის სფეროს მოწესრიგების შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

ამ მიზნით, იგი ადგენს ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ურთიერთობების ერთიან, არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე რეგულირების პირობებს, ასევე ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურებაზე ფასწარმოქმნის ერთიან სამართლებრივ პრინციპებსა და ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებად ასახვის სამართლებრივ საფუძვლებს.

კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ელექტროენერგიის გადაცემა-ტრანსპორტირებისთვის უკეთესი გარემო – ერთი მხრივ, გადაცემის ლიცენზიატისთვისაც, რამდენადაც მათ საკუთრებაში არსებული ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის მოექცევა რეგულირებადი აქტივების ფარგლებში, რაც შექმნის მათი ექსპლუატაციის, შენახვისა და განვითარების სტაბილურ გარემოს და მეორე მხრივ, აღნიშნული ცვლილებები არ იქონიებს რაიმე უარყოფით გავლენას ტრანზიტით დაინტერესებული პირებისთვის, რამდენადაც მათთვის არ იცვლება არც ტრანზიტის უზრუნველყოფის საფასურის დადგენის პრინციპები და წესი, ასევე არც მისი განხორციელების პროცედურა და ფორმა. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე III მოსმენით განიხილა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტით საზოგადოებრივი მომსახურების წესები და პირობები, რაც გულისხმობს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების დადგენას, კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელთა საფუძველზეც სარკინიგზო ოპერატორს დაეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება და რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს კომპენსაციას კომპეტენტური ორგანოსგან.

ასევე პროექტის თანახმად, იქმნება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების საკანონმდებლო საფუძველი.

მომხსენებლის თქმით კანონპროექტში აისახა მეორე მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნები.

მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი. კანონპროექტში გათვალისწინებულია მეორე მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები. წარმოდგენილი პროექტით საჰაერო კოდექსს ემატება „ეკიპაჟიანი იჯარის” ტერმინის განმარტება, კერძოდ ჩაიწერება – „ეკიპაჟიანი იჯარა – საჰაერო ხომალდის სარგებლობის უფლებით გადაცემა, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან ერთად”.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტში განსახილველად გამოიტანა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)”, რომლის ფარგლებშიც აზიის განვითარების ბანკი COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფს ფინანსურ რესურსს 92 მლნ ლარის ოდენობით სესხს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.

„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი”), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III)” ითვალისწინებს KfW -ის მიერ საქართველოსთვის სესხის სახით 90 მლნ ევროს, რაც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მიემართება.

კომიტეტმა დღეს განხილულ საკითხებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები