განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2019 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში წარადგინა

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილვის საკითხს როგორც მიმდინარე, ისე გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენდა.

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 50 002.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 428.9 ლარს შეადგენს. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 12 705 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 12 907 343.5 ათასი ლარი.

დეპუტატებმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”კანონის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უარყოფითია და შეადგენს -4 პროცენტს.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 4,8%-ს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4,7%-ს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 50,3 მლრდ ლარს. მნიშვნელოვნად მცირდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები და განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი.

„გასული წლის ნოემბერში – ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მომზადების დროს – არსებული პროგნოზის საფუძველზე შემუშავებული 2020 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეადგენდა 12,3 მლრდ ლარს, თუმცა გასულ წელს გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პარამეტრების უცვლელობის პირობებში მოსალოდნელი იყო გეგმის 300,0 მლნ ლარით გადაჭარბებით შესრულება და საგადასახადო შემოსავლების სახით 12,6 მლრდ ლარზე მეტის მობილიზება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 14 432,9 მლნ ლარს.

მისივე განმარტებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდგომ, ქვეყნის შიგნით მისი ფართო გავრცელების პრევენციისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის, ასევე ეკონომიკური შოკის ზეგავლენების შემცირების და დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით, აუცილებელი გახდა დამატებითი ასიგნებების მობილიზება. ამავდროულად, მარტის დასაწყისიდან დაიწყო მუშაობა ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების შემცირების მიმართულებით, იმისთვის რომ აღნიშნული შემცირებების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსების ხარჯზე მომხდარიყო დამატებითი ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ასიგნებების მოცულობა ჯამში იზრდება 1 490,9 მლნ ლარით და შეადგენს 15 923,8 მლნ ლარს.

რაც შეეხება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მისი ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, მიმდინარე ხარჯების ნაწილში შემცირებულია 89,6 მლნ ლარის, ხოლო კაპიტალური ხარჯების ნაწილში 38,1 მლნ ლარის ოდენობით.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ძირითადი პროგრამების მიხედვით, მცირდება: სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 20,4 მლნ ლარი; პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარი; უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით; ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით; კულტურის დაფინანსება – 20,7 მლნ ლარით; სპორტის დაფინანსება – 53,3 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები – 2,5 მლნ ლარით.

დღესვე, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის” შესრულების 3 თვე მიმოიხილა.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვა უპირველესია. „თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ როცა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ისევ იმ სიმაღლეებს მიაღწევენ ქართველი სპორტსმენები, რასაც პანდემიამდე აღწევდნენ”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ პანდემიის მეორე ტალღა სწორად იყოს მთავრობის, საზოგადოების, პარლამენტის მხრიდან კონსოლიდირებული ქმედებით ნაკლებად დამაზიანებელი ქვეყნისთვის.

მისივე თქმით, პანდემია უნდა გადავაქციოთ შესაძლებლობად, რომ ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს.

„თანხების 50 %-ით შემცირების შემდეგ, 50%-ით ზრდა არ შველის და მაშინ 100%-ით უნდა იყოს ზრდა, რომ დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, პედაგოგების ხელფასებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

კომიტეტებმა მოისმინეს ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021-2024 წლებისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ძირითადი მიმართულებები იქნება: განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება; საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; სასკოლო მზაობისთვის აღზრდისა და განათლების ინტეგრაცია; ზოგადი განათლების მიმართულებით უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის” მოდელის, ასევე ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა; სკოლებში თანამედროვე მოთხოვნების და შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება; მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე ზრუნვა და ა. შ.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს სხდომაზე განხილულ საკითხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები