შსს: ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.

„ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები