La tribune: მაკრონმა არა მხოლოდ უნდა მიულოცოს ქართველ კოლეგებს, არამედ შთაგონებად გამოიყენოს მათი წარმატება

“პრეზიდენტმა მაკრონმა არა მხოლოდ უნდა მიულოცოს თავის ქართველ კოლეგებს, არამედ ინსპირაციად გამოიყენოს მათი წარმატება”, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა la tribune წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თანმიმდევრულმა რეფორმებმა და თავისუფალი ბაზრის პოლიტიკამ საშუალება მისცა საქართველოს, გამხდარიყო სამაგალითო ქვეყანა პანდემიის მენეჯმენტში მაშინ, როდესაც ეს დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს.

სტატიის თანახმად, 8 მაისს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას ქვეყნის წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში და იმავე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა შედეგები, სადაც მილიონ მოსახლეზე 3.5 დაღუპულით საქართველო საუკეთესოა რეგიონში და ევროპის საბჭოს 48 წევრს შორის ერთ-ერთი საუკეთესო.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მცირე რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ აქ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგება.

„მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემისა და პრაქტიკულად არარსებული საბაჟო გადასახადების წყალობით, საქართველო დღეს ერთ-ერთ ყველაზე ღია ქვეყნად მიიჩნევა საერთაშორისო ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციისთვის. ასევე, გაუქმდა იმპორტის ნებართვები და ლიცენზიები იმის საფუძველზე, რომ სერიოზული ქვეყნის (აშშ, ევროკავშირი და ა.შ.) ოფიციალური სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პროდუქტი დე ფაქტოდ გაყიდვადია საქართველოში. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფციის შესაძლებლობები.

ჯანდაცვის თვალსაზრისით, მესამე მხარის სასერტიფიკატო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საუკეთესო დასავლური მკურნალობის ჩატარება, დეფიციტის საშიშროების გარეშე. ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ საშუალება მისცა საქართველოს, რომ კრიზისის პერიოდში პრეპარატის 4 მწარმოებელი კომპანიის იმედი ჰქონოდა. გარდა ამისა, რიგი რეფორმების შემდეგ, ქვეყანა სარგებლობს კერძო ჩარჩოს გარშემო ორგანიზებული ჯანდაცვის სისტემით, რაც მოსახლეობის 90%-ს აუცილებელი სამედიცინო დახმარების გამოყენების საშუალებას აძლევს. ქართველები დადებითად აფასებენ საავადმყოფოების სისტემას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი მედიცინის სფეროში პროგრესი კვლავ აუცილებელია. მთავრობამ საავადმყოფოებს მკურნალობის არჩევის სრული თავისუფლება მისცა და არ ეცადა ნიღბების, გელებისა და ა.შ. დისტრიბუციის მონოპოლიზაციას, რაც საფრანგეთის ვარიანტის საწინააღმდეგოა. შედეგი – საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა, დასრულდა 23 მაისს, ხოლო ქვეყანა 2020 წლის 1-ელი ივლისიდან საზღვრებს გახსნის საერთაშორისო ტურისტებისთვის.

დამკვირვებლები შეშფოთებულნი არიან იმ გავლენით, რაც COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებზე, მაგალითად, ტურიზმზე. ეკონომიკურად ყველა ქვეყანა დაზარალდება, მაგრამ საქართველოში COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მცირე რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ აქ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგება.

OECD-მ შეაქო ქვეყანა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის და მისი დისტანციური სწავლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნია. ეს შესაძლებელი გახდა ესტონურ მოდელზე მორგებული ადმინისტრაციის დიჯიტალიზაციის ნებაყოფლობითი პოლიტიკის მეშვეობითა და სკოლებისთვის მიცემული პედაგოგიური ავტონომიით, რომლის არჩევაც თავისუფლად შეუძლიათ მშობლებს და რომლის (საჯარო) დაფინანსება ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. საფრანგეთის ჰიპერცენტრალიზაციისგან განსხვავება კვლავ შესამჩნევია”, – წერს ფრანგული გამოცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები