“საქართველო დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ქვეყანა ჩამოყალიბდეს ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ“ – ზურაბ აბაშიძე
“ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს და ყველას არ მოიცავს, მაგრამ დღეს არიან გარკვეული წარმომადგენლობები, რომლებიც აშკარად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.
„ეს თვალნათელია, როდესაც ვხედავთ ისეთ განცხადებებს, ისეთ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს მიმართ, რომელიც ყოვლად მიუღებელია. არა მხოლოდ დარღვევაა, არამედ ეს არის უკვე აღვირახსნილი გარკვეული მოქმედებები, რომლებიც მთლიანად ანგრევს გარკვეულწილად საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ ამის მომსწრეები ვართ.
ქართული სახელმწიფო ახალი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ. მას მოუწია ძალიან რთული პერიოდების გავლა. ქვეყანაში იყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებდა არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ის იყო სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალა
დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მიჩვეულები იყვნენ მითითებების მიცემას, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს.
ეს არის ის ხაზი, რომელიც აუცილებლად დაინგრევა, მოიშლება იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ქვეყანა ჩამოყალიბდეს ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ და ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.