ვახტანგ ჭარაია: ავიამენეჯმენტი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომელსაც ვერც კორონავირუსი შეუშლის ხელს და ვერც სხვა, მოკლევადიანი გამოწვევები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე – საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებების უპირატესობებზე “კვირასთან” საუბრობს.

ბოლო წლების მანძილზე მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მსოფლიოში. გვიამბეთ, კონკრეტულად, საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტზე – რით განსხვავდება ის ზოგადი მენეჯმენტისგან, რა უპირატესობები აქვს?

– საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (Aviation Management), ჩვეულებრივი მენეჯმენტისაგან განსხვავებით, უნიკალური და ერთადერთია ქართულ ბაზარზე. ამ პროფესიის დაუფლება, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავიაციო უნივერსიტეტში არის შესაძლებელი. მოცემული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან: ავიაკომპანიების ფინანსურ ანალიზს, ავიაბიზნესსა და გლობალურ ავიაკომპანიებს, საერთაშორისო საჰაერო სამართალს, აეროპორტების მარკეტინგს, მენეჯმენტსა და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხს ავიამენეჯმენტიდან.

რა პერსპექტივა აქვთ ამ მიმართულების კურსდამთავრებულებს?

– პროგრამა აგებულია მსოფლიოს წამყვანი ევროპული და ამერიკული ავიამენეჯმენტის პროგრამების ბაზაზე და ისწავლება საქართველოში დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ, რომელთა უმრავლესობა თავად გახლავთ დამსაქმებელი, მათ შორის არიან ავიაკომპანიებიც და სახელმწიფო ინსტიტუტებიც.

გაცვლით პროგრამებს რაც შეეხება, ამ კუთხით რა მდგომარეობაა?

გვაქვს მოლაპარაკები ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტების გაცვლაზე, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს დამატებით შესაძლებლობებს შემატებს.

ანაზღაურებაზე რას გვეტყვით, როგორი ხელფასებია ამ სფეროში?

– ავიამენეჯმენტი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომელსაც ვერც კორონავირუსი შეუშლის ხელს და ვერც სხვა, მოკლევადიანი გამოწვევები. აღნიშნული მიმართულებით მუდამ კადრების დეფიციტია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

ავიამენეჯმენტის მსგავსად, ჩვენ განვაახლეთ პროგრამები ფინანსების მიმართულებითაც როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურებზე და შევძინეთ მას უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება და შესაძლებლობები. პროგრამის ხიბლი არა მარტო განახლებული და დამსაქმებლის მოთხოვნებს მორგებული სასწავლო კურსებია, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ინტერესს ჩვენი სტუდენტების მიმართ, არა მარტო ჩვენს მიერ მემორანდუმგაფორმებულ ათეულობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაში, არამედ – ნებისმიერ დამსაქმებელთან.
დაბოლოს, არ შემიძლია, არ დავამატო, რომ უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორების უმრავლესობა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი დარგის სპეციალისტები არიან, რომლებიც ფლობენ საკითხს როგორც თეორიულად, ასევე – პრაქტიკულადაც და შესთავაზებენ სტუდენტებს მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში ჩართვას. სწორედ მათ მიმართავს სხვადასხვა კომპანია პოტენციური კადრების შერჩევისას – ეს ჯამური კომბინაცია ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს!

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები