გიდები ხელისუფლებისგან “დაზარალებულებად” აღიარებას ითხოვენ
კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი გიდები ხელისუფლებას “დაზარალებულად” აღიარებას სთხოვენ და განცხადებით მიმართავენ.
“ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები მოვითხოვთ:
მოხდეს გიდის, როგორც პროფესიული თანამდებობის აღიარება და განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მოხდეს დეტალური ახსნა-განმარტება ეკონომიკის მინისტრის მიერ 07.05.2020-ში გაჟღერებული 5 მილიონის შესახებ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებზე დახმარების სახით გადანაწილებასთან დაკავშირებით;
სახელმწიფომ ტურიზმის სექტორში მომუშავე პერსონალი ( გიდები, მძღოლები და ა.შ) ცნოს დაზარალებულად;
ა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ტურიზმის სექტორში იყვნენ დასაქმებულები და რომლებსაც 2020 წელს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აღარ უფიქსირდებათ შემოსავალი ტურისტული საქმიანობიდან, სახელმწფოს მიერ გაეწიოთ დახმარება და დაურიგდეთ კომუნალური ვაუჩერები 2020 წლის დარჩენილი კვარტლების განმავლობაში. (შემდგომში ხელახალი გადახედვის უფლებით);
ბ. დაზარალებულად იყვნენ ცნობილნი ტურიზმის სექტორის ის წარმოამდგენლებიც, რომლებსაც საგანგებო ვითარების დროს ჩარიცხვები იურიდიული პირებისგან 300 ლარზე ნაკლები უფიქსირდებოდათ;
მოხდეს მარტოხელა დედების დახმარება, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ტურიზმზე და რომლებიც ვერ ხვდებიან ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებში.
გვინდა, შევახსენოთ ხელისუფლებას მათზე დაკისრებული უფლებამოსილება მოსახლეობის წინაშე, გაგვიწიოს მყისიერი და გონივრული დახმარება და ნუ გვიქმნის უამრავ დაბრკოლებას დახმარებების მიღებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.