უღირს კი რუსეთს მარიონეტული რეჟიმების დაფინანსება – რამდენ მილიარდ რუბლს ხარჯავს მათ შეიარაღებაზე კრემლი

 არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველასა და ყველაფერს გაწირავს, ოღონდ ქვეყანამ მსოფლიოში „გლობალური მოთამაშის“ სტატუსი შეინარჩუნოს. დიდი ხანია, ეკონომიკური სტაგნაციის მიუხედავად, კრემლი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალისა და უკრაინის მილიტარიზაციაში უდიდეს ფულს ხარჯავს. ფინანსების მხოლოდ მინიმალური წილი ხმარდება იმ ადამიანებს, ვისთვისაც რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრება ისედაც გაუსაძლისია. მათ ხომ რუსული სამხედრო ინტერვენციების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა და ქუჩებში მოხეტიალე ჯარისკაცები მიიღეს, თანაც – „არაღიარების“ ლიმბოში გაჭედილები სავაჭრო ურთიერთობებსაც თითქმის ვერავისთან ამყარებენ.

ოფიციალური მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი სამხედრო ბაზების მშენებლობასა და რუსეთის არმიის უკანონოდ განთავსებული შენაერთების შენახვაში იხარჯება.  ამ ყველაფრიდან მოგებას მხოლოდ მარადმწვანე პრეზიდენტობის გზაზე შემდგარი – ვლადიმერ პუტინი ნახულობს. მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, პრეზიდენტისთვის მთავარია, რუსეთს „ძერჟავას“ ფასადური იმიჯის შეუნარჩუნოს.

რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტებს წლებია, აფინანსებს. მხოლოდ 2018 წელს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კრემლმა 64 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტისთვის“ 113 მლნ აშშ დოლარამდე თანხა გამოყო. აფხაზეთის ე.წ. არმიის მოდერნიზაციის ხარჯები კი რუსეთის ბიუჯეტს დამატებით ტვირთად აწვება მაშინ, როდესაც თავად რუსეთში საკმაოდ არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა.   ცნობილია, რომ 2015 წელს რუსეთმა აფხაზეთის ე. წ არმიის სამწლიანი გეგმიური მოდერნიზაციისთვის 5 მილიარდი რუბლი (დაახლოებით, 73 მილიონი დოლარი) გამოყო. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „არმიის“ შენახვაზე კი კრემლმა 2008-2018 წლებში 60 მილიარდი რუბლი ( 900 მილიონი დოლარი) დახარჯა. 2019 წლის 23 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, მერაბ ქიშმარიამ და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მოსკოვში  ოკუპირებული რეგიონის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის  დაფინანსების შესახებ „ორმხრივ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

ამასთანავე, თავად რუსეთშიც ბევრი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის არმიის ზედმეტად შეიარაღება არანაირ შედეგს  მოიტანს და პირიქითაც – ზედმეტი ტვირთია. გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი, ლეონიდ ივაშოვი აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები რეგულარული არმიისგან შესაძლებლობებით ძალიან შორს არიან. ივაშოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მათი დაფინანსება კორუფციის რისკის შემცველია და შესაძლებელია, თანხები ადრესატამდე არც მივიდეს.

უკრაინის ვიცეპრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ალექსეი რეზნიკოვმა ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“-თან საუბრისას განაცხადა, რომ  ყოველწლიურად რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შესანახად 5 მილიარდამდე დოლარს ხარჯავს. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს ფულს სატელევიზიო ანძების მოდერნიზაციისთვისაც სთხოვენ, რათა უკრაინული ტელე და რადიო სიგნალები ჩაახშონ. მაღალი ალბათობით,  კრემლი ამას დააფინანსებს.  საბჭოთა კავშირის ღირსეულმა მემკვიდრემ შესანიშნავად იცის, რომ საინფორმაციო ვაკუუმი მასების კონტროლის საუკეთესო საშუალებაა. ოფიციალური მოსკოვის პრინციპი საკუთარ ქვეყანაშიც ანალოგიურია – ადამიანებს პარალელური რეალობას უქმნის და ნებისმიერს, ვინც ბედავს და კრემლისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, სახელმწიფო მანქანა სწრაფად ანადგურებს.  „ჩვენი ინფორმაციით,  რუსეთს, დაახლოებით, 1.3 მილიარდ დოლარამდე მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების შენახვა უჯდება. 3.7 მილიარდი დოლარი სამხედრო მიმართულებით იხარჯება. თანაც, ეს თანხა დათვლილია ყირიმის ხარჯების გარეშე”, – აცხადებს რეზნიკოვი.

ყოველწლიურად, რუსეთის ფედერაციაში მილიონობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ იღუპება, რომ პუტინს ჯანდაცვის სისტემაში ფულის ჩადება ენანება. საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა მისთვის სრულიად უმნიშვნელოა. ნავთობის ფასის ვარდნა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი რუსეთის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას კარგს არაფერს ჰპირდება, უმუშევრობის დონე რეკორდულად იზრდება. და მაინც, ამ ვითარებაში კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ მარიონეტული რეჟიმების სამხედრო აქტივობებს აფინანსებს. არ უნდა, „ძლევამოსილის“ სტატუსი დაკარგოს, ამით კი ყველაზე მეტად რუსეთშიც და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც რიგითი ადამიანები ზარალდებიან. არა და, სწორედ მსგავსმა პოლიტიკამ მიიყვანა საბჭოთა კავშირი კოლაფსამდე, მაგრამ, როგორც ჩანს, იმპერიული ოცნებებით შეპყრობილმა, კგბ-ს ყოფილმა ოფიცერმა უახლესი წარსულის გაკვეთილებიდან ვერაფერი ისწავლა.

ნელი ვერულავა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები