ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში დაკავებულ პირს, ალექსანდრე ივანოვს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის, რომან ხორავას განმარტებით, არსებობს მიმალვის საფრთხე.

ამასთან, მოსამართლემ ბრალდებულს განუცხადა, რომ საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა მოხდება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და გამოყენებული იყოს პატიმრობა, ბრალდებული მოათავსონ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. სასამართლო იძულებულია, გამოიყენოს ყველაზე მკაცრი სასჯელის ფორმა. ეს დროებითი ღონისძიებაა. გაგრძელდება გამოძიება ამ პერიოდში და აუცილებელიცაა ექსპერტიზების დანიშვნა. შესაძლებელია, მკურნალობა დაგჭირდეთ ამ ფონზე. მშვიდად იყავით, ცხოვრება არ სრულდება, 45 წლის ახალგაზრდა კაცი ხართ. მშვიდად მიყევით ამ ცხოვრებას, მე თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

შემდეგი სხდომა 28 ივლისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 5 ივნისს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები