აშშ-ის სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

  სარაკეტო – საესკადრო ნაღმოსანი „რემეჯი“და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი „მაუნტ უიტნი“ შავ ზღვაში შემოვიდნენ. ხომალდებმა, თურქეთთან შეთანხმებით, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები გადალახეს. მათ ბორტზე 600-ზე მეტი საზღვაო ქვეითია. „მაუნტ უიტნი“ ამერიკული მეექვსე ფლოტის ფლაგმანი ხომალდია. მას აქვს ვერტმფრენი და არტილერიული შეიარაღება თავდაცვისთვის.
„საესკადრო ნაღმოსანი „რემეჯი“ აღჭურვილია ტაქტიკური გამანადგურებელი შეიარაღებით, საზენიტო რაკეტებითა და ასევე ნაღმ-ტორპედული შეიარაღებით“, – აცხადებს „ინტერფაქსის“ სამხედრო-დიპლომატიური წყარო. ადრე პენტაგონში გაკეთდა განცხადება, რომ აშშ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების დასაცავად მზად იყო შავ ზღვაში ორი ხომალდის შესაყვანად. კონტრადმირალ ჯონ კიბრის განცხადებით, ვაშინგტონი ასევე მზად არის ავიაციის გამოსაყენებლად, თუმცა მოსკოვიდან ეს ჯერ არ მოუთხოვიათ. რუსეთს ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების დასაცავად აშშ, ევროპა და აზიის ქვეყნები აქტიურად ეხმარებიან.
იანვრის დასაწყისში გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის განცხადება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ 30-მდე გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი რუსეთში მუშაობს და ასევე სოჭშიც გაიგზავნებიან. სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, შეიქმნა აკრძალული ზონები, სადაც მოხვედრა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. აკრძალული ზონების საზღვრები ზუსტად არის განსაზღვრული და მისი ტერიტორიის ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიამდე ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის. სოჭში შესვლაზე კონტროლს სამართალდამცავი ორგანოებისა და შინაგანი ჯარების 30 ათასზე მეტი თანამშრომელი განახორციელებს. უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ქალაქში 21 მარტამდე იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები