რა პრობლემას ქმნის დოლარიზაცია – კობა გვენეტაძის განმარტება

“დოლარიზაცია, პირველ ყოვლისა, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

“დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ ყოვლისა, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის, ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს. ასეთი მაღალი და ფუნდამენტური რისკების გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება“, – აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით. წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.1 პროცენტს გაუტოლდა, 3.3 პპ-ით შემცირდა სესხების დოლარიზაცია და დეკემბერში 55.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს – გვენეტაძის განმარტებით, ის 2019 წლის განმავლობაში 49.4 პროცენტიდან 42.8 პროცენტამდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები