სომხურ ავიაკომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ფრენები აეკრძალათ

ევროპის კომისიამ სომხურ ავიაკომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ფრენები აუკრძალა, რადგან ისინი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის საიტზე გავრცელდა.

ევროკომისიამ 2 ივნისს იმ ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც ფრენების საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

აღინიშნება, რომ ნუსხაში 6 სომხური ავიგადამზიდი მოხვდა.

გარდა ამისა, ევროკომისიის განახლებულ ნუსხაში სულ 96 გადამზიდი მოხდა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ცაზე ფრენები აქვს აკრძალული. მათ შორის არიან: ავღანეთი, ანგოლა, კონგო, ჯიბუტი, ეკვატორული გვინეა, ერითრეა, ყირგიზეთი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა(3 გადამზიდის გარდა), ნეპალი, სან-ტომე და პრინსიპი, ასევე, სიერა-ლეონე და სუდანი. აღინიშნება ამ ქვეყნების მთავრობების მხრიდან არასათანადო საავიაციო კონტროლი.

გარდა ამისა, გამოვლენილია ცალკე 6 ავიაკომპანია, რომელსაც უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები აქვს. ესენია: Avior Airlines (ვენესუელა), Blue Wing Airlines (სურინამი), Iran Aseman Airlines (ირანი), ერაყის ავიახაზები (ერაყი), Med-View Airlines (ნიგერია) და Air Zimbabwe (ზიმბაბვე).

კიდევ სამ გადამზიდზე საექსპლუატაციო შეზღუდვები გავრცელდა და ისინი ევროკავშირის ქვეყნებში ფრენებს მხოლოდ გარკვეული ტიპის საჰაერო ჰომალდებით შეძლებენ. ესენია: Air Service Comores (კომორის კუნძულები), Iran Air (ირანი) და Air Koryo (ჩრდილოეთ კორეა).

როგორც ევროკავშირის ტრანსპორტის საკითხთა კომისარმა ადინა ვალეანმა განმარტა, “აღნიშნული ნუსხა უნდა იქნას აღქმული, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ავიაკომპანიებსა და ქვეყნებს ფრენების სტანდარტების გაუმჯობესებაში ეხმარება. კომისია მზად არის სომხეთთან თანამშრომლობისთვის და ინვესტირებისთვის ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით”.

ევროკომისიის ნუსხის განახლება მოხდა ფრენების უსაფრთხოების სფეროში ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რომლებიც ვიდეკონფერენციის ფორმატში 12-14 მაისს, ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელობით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები