პესკოვი: რუსეთში პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების პრობლემა ისე მწვავედ არ დგას, როგორც – აშშ-ში
კრემლში არასწორად მიიჩნევენ აშშ-ში მიმდინარე არეულობებსა და რუსეთში პოლიციის მიერ უფლებამოსილებების გადამატებას შორის პარალელის გავლებას.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთში ეს პრობლემა ასე მწვავედ არ დგას.
“ეს ის თემაა, რომელიც კანონებითა და სამსახურებრივი ინსტრუქციებით რეგულირდება. მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს თემა ასეთი მწვავეა ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს ასეთი პარალელები, ასეთს ვერ ვხედავთ”, – თქვა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა რუსეთის პრესმდივანს ეკატერინბურგში ორი დღის წინ მომხდარი ინცინდენტის კომენტირება სთხოვეს, როდესაც “როსგვარდიის” თანამშრომლებმა მამაკაცი დაკავების დროს ადგილზე მოკლეს.
“სამწუხაროდ, ამ შემთხვევის დეტალებს არ ვფლობთ. ზუსტად არც ჩვენ და არც თქვენ იცით, რა მოხდა იქ და არცოდნის პირობებში რაიმეს კომენტირება არასწორია”, – თქვა პესკოვმა.
31 მაისი-1-ელი ივნისის ღამეს ეკატერინბურგში როსგვარდიის თანაშრომლებმა 27 წლის მამაკაცი მოკლეს. ის მაღაზიიდან 8 ათასი რუბლის ღირებულების ქაღალდის მოპარვაში იყო ეჭვმიტანილი.