გუგა ქაშიბაძე: გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულს სხეულის 25 % აქვს დამწვარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულ 48 წლის მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აღენიშნება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“48 წლის მამაკაცი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აფეთქების შემდეგ შემოიყვანეს, გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 25% აქვს დამწვარი, მას სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო დაზიანება აქვს. ასევე, დაზიანებული ჰქონდა სახისა და წელის არე, ორივე ზემო და ქვედა კიდური. საეჭვო იყო სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა. ამ წუთებში მისი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის სტაბილური, თუმცა, რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, საბურთალოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ დღის ბოლოს მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა.