ტრიუდო: რუსეთი “დიდ შვიდეულში” არ დაბრუნდება
კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრიუდო აშშ-ის პრეზიდენტის იდეის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ “დიდი შვიდეულის” მორიგ სამიტზე რუსეთიც იყოს მიწვეული.
“რუსეთი G8-დან ყირიმში შეჭრის შემდეგ გაირიცხა და ის დღემდე აგრძელებს საერთაშორისო ნორმებისა და წესების უგულებელყოფას, ამიტომ ის “დიდი შვიდეულის” ჯგუფის მიღმა დარჩება”, – თქვა ტრიუდომ.
ტრამპის განცხადების წინააღმდეგ ბრიტანეთიც გამოვიდა, თუმცა დაუშვა, რომ რუსეთი სტუმრის სტატუსით იყოს მიწვეული.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა “დიდი შვიდეულის” შეხვედრა გადადო, რომელიც ივნისში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ის ასევე სამიტში მონაწილე ქვეყნების სიის გაფართოების წინადადებით გამოვიდა და თქვა, რომ მასში რუსეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი უნდა იყვნენ მიწვეულნი.
კრემლში კი განაცხადეს, რომ დამატებითი ინფორმაცია სჭირდებათ დიდი შვიდეულის სამიტში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
G7-ის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მარტში პანდემიის გამო გადაიდო და იყო დაგეგმილი, რომ ის მოგვიანებით ვიდეოფორმატის სახით ჩატარდება.
თუმცა, გასულ კვირას თეთრ სახლში გამოთქვეს მზაობა, რომ სამიტი ვაშინგტონში 24 ივნისს ჩატარებულიყო.