აშშ-ში არეულობების მეექვსე დღეა: ათასობით დაკავებულია, ქალაქში ვანდალიზმსა და მაროდიორობას ებრძვიან

აშშ-ში რამდენიმე შტატში უკვე მეექვსე დღეა, არეულობებია, რომლებიც პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებას უკავშირდება, რა დროსაც პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა მოხდა და მოგიანებით 46 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Associated Press-ის ინფორმაციით, 6 დღის განმავლობაში, სულ მცირე, 4 100 ადამიანია დაკავებული. ლოს ანჯელესში – თითქმის ათასი, ნიუ იორკში 800-მდე, ჰიუსტონში – 500.

ნიუ იორკში არეულობის დროს ქალაქის მერის ქალიშვილი, 25 წლის კიარა დე ბლაზიოც იქნა დაკავებული, მას ბრალი ხულიგნობაში ედება.

ასევე, არიან დაღუპულებიც, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებიც არიან.

პოლიციასთან შეტაკების დროს აქციის ასობით მონაწილე და სამართალდამცველი დაშავდა, მათ შორის, არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები.

ქვეყნის ბევრ ქალაქში აქცია ვანდალიზმსა და მარადიორობაშია გადაზრდილი. ხალხი მაღაზიებს არბევს და ძარცვავს, ასევე, საბურავებს წვავს.

აშშ-ის 40-ზე მეტ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათია გამოცხადებული, 15 შტატსა და ვაშინგტონში არეულობის ჩახშობაში ეროვნული გვარდიაა ჩართული.

არეულობა იყო ასევე თეთრ სახლთან, სადაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს და პეტარდებს ისროდნენ. თეთრ სახლთან ახლოს მდებარე ისტორიულ ტაძარს კი ცეცხლი მოუკიდეს, თუმცა მისი ჩაქრობა მოხერხდა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, პროტესტების უკან მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია “ანტიფა” დგას, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად იქნება გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები