ეკვადორში, ტელეარხის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ეკვადორის ქალაქ გუაკილში, კერძო ტელეკომპანია Teleamazonas-ის შტაბ-ბინაში ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Teleamazonas-ზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით თავდასხმა მოხდა, ინციდენტის შედეგად მსხვერპლი არ არის, მხოლოდ მატერიალური ზარალია.
ასევე, აღინიშნება, რომ არხის მენეჯმენტი დაშინების ნებისმიერ ფორმას გმობს.
“გავაგრძელებთ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე საუბარს. გავაგრძელებთ აზრის თავისუფალ გამოთქმას, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაწყებულია გამოძიება.
პროვინცია გუაიას გუბერნატორმა მომხდარს “ძალადობის აქტი” უწოდა, რომელიც “კორუფციონერების შიშით არის გამოწვეული”.