‘გზა აქ არასოდეს ყოფილა“ – მულახის თემში ტურისტული მნიშვნელობის გზა ეწყობა
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სამი სოფლის, მაჯვდიერი-ცალდაში-ჟაბეში დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც სოფელ მაჯვდიერის მკვიდრმა, ვალერი შერვაშიძემ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, აღნიშნული გზა ერთადერთია, საიდანაც ტურისტები სამი სოფლის გავლით კურორტ თეთნულდზე მოკლე გზით ადიან.
„გზა აქ არასოდეს ყოფილა, რაც იყო ძალიან ცუდი ამოსასვლელი ჰქონდა და ვერც ამოხვიდოდი ამ აღმართზე, ახლა გზა კეთდება და მადლობის მეტი რა გვეთქმის. ტურისტები მესტიიდან, როდესაც ამოდიან ამ გზას გამოივლიან, ზოგი აქ რჩება ზოგი სოფელ ჩვაბიანში რჩება და მერე ადიან სოფელ ჟაბეშში, შემდეგ კალაში და ბოლოს უშგულში მოხვდებიან, იქიდან კი მანქანით ჩამოდიან. ტურისტულად დატვირთული გზაა და გვიხარია, რომ აქ ეწყობა ინფრასტრუქტურა“,- ამბობს ვალერი შერვაშიძე. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები, პროექტის ღირებულება კი 2 130 000 ლარი შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლიდერ პლიუსი“ აწარმოებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.