გიორგი გახარია: მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს
“ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებელზე ზრუნვას, პოლიციელზე ზრუნვას და, საბოლოოდ, ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ყოფნის და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
„სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ ის, რომ უმწვავესი კრიზისის დროს, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლებში გაკეთდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანებზე ზრუნვით”, – აღნიშნა პრემიერმა.