მინესოტას შტატში არეულობაა – ათობით მაღაზიაა დარბეული და დამწვარი (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ში, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალებამ არეულობა გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქში ცეცხლი ერთ-ერთი ლომბარის მეპატრონემ გახსნა იმ დროს, როდესაც აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა და სავაჭრო ობიექტების ძარცვა დაიწყეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ავტომობილების ნაწილების მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს, ასევე, სხვა შენობებიც დაწვეს, დაარბიეს რამდენიმე სასურსათო მაღაზია და ღვინის მარკეტი.

მინეაპოლისის მერიამ დახმარებისთვის ქვეყნის ეროვნულ გვარდიას მიმართა, რადგან არეულობას ადგილობრივი ძალებით ვერ უმკლავდებიან. შტატის გუბერნატორმა, ტიმ უოლზმა ვითარებას “ძალზედ საშიში” უწოდა.

მინეაპოლისში მიმდინარე კვირას რამდენიმე აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებენ ფერადკანიან მამაკაცს ყალბი დოკუმენტების გამოყენების ეჭვით პოლიციელები.

სამართალდამცველებმა აფროამერიკელს ხელბორკილი მიწაზე დაგების შედეგად დაადეს. ერთ-ერთმა მათგანმა მამაკაცს მუხლით ყელში წაუჭირა, ფლოიდი ყვიროდა, რომ ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს. რამდენიმე საათის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

ფლოიდის დაკავების ოპერაციაში მონაწილე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები