ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის პროგრამის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ, ჯერჯერობით, არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტის კორონავირუსის სამკურნალოდ, ისინი აფრთხილებენ წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ.
ამის შესახებ ექსპერტმა ჰიდროქსიქლოროქინის (“პლაქვენილის”) კლინიკური კვლევებიდან დროებით ამოღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მიიღო და ის ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე არ გადამოწმდება დეტალური ინფორმაცია და მონაცემები უსაფრთხოების კონტექსტში.
„ჰიდროქსიქლოროქინი არის ერთი-ერთი მედიკამენტია, რომელიც სხვა მიზნებისთვის არის ლიცენზირებული, თუმცა რჩება დაუმტკიცებელ მედიკამენტად „კოვიდ 19“-ის ვირუსის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის. ეს არის ერთ-ერი მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოებულ „სოლიდარობის კვლევაშია“ ჩართული. იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშში კორონავირუსის მქონე პაციენტებში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიფრთხილე გამოიჩინა და დროებით შეაჩერა “ჰიდროქსიქლოროქინის” გამოყენება კლინიკური კვლევის ნაწილად. “ჩვენ ამას დროებით ვაკეთებთ იქამდე, ვიდრე დეტალურად არ გამოვიკვლევთ იმ პაციენტების შემთხვევებს, რომლებიც ამ მედიკამენტს „კოვიდ 19“-ის მკურნალობისთვის იყენებენ”, – აღნიშნა სმოლვუდმა.
მისი თქმით, “ჰიდროქსიქლოროქინი” სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და არ არსებობს გარემოება, რის გამოც პაციენტებმა ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტონ, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები მხოლოდ კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.