როგორ მუშაობს “ნამდვილი პურის” საწარმო დმანისის მუნიციპალიტეტში

“ნამდვილი პურის” წარმოება ტრადიციული ტექნოლოგიით განკუთვნილი ფართო ბაზრისათვის ლევან ნონიაშვილის ოჯახმა 2006 წელს დაიწყო. 2007 წლიდან, გარდა დმანისის მუნიციპალიტეტისა, პურის მიწოდება თბილისშიც დაიწყო – ჯერ საპატრიარქოს მაღაზიაში, შემდეგ – ჰიპერმარკეტ „გუდვილში“. ამჟამად, შპს „ახალი იდეას“ მეშვეობით, პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“, შპს „ზღაპარის“, შპს „ფრესკოს“, შპს „მემოს“, შპს „უნივერსამის„ ქსელისა და საპატრიარქოს მაღაზიებს მიეწოდება.
აღნიშნული პურით მარაგდება, აგრეთვე, დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები. ამჟამად, საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია, რომელთა ხელფასი 800-1200 ლარს შეადგენს. წარმოება პერიოდულად სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლდება და წარმოებისათვის აუცილებელ პირობებს აკმაყოფილებს.
“ნამდვილი პური ძველი, ტრადიციული მეთოდით იწარმოება, რომელიც გავრცელებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტში. პურის ცხობის ასეთივე მეთოდები იყო გამოყენებული მონასტრებშიც.
პური ხელოვნური საფუარის გარეშე,  „ხაშის“ წესით (ხაში არის შემჟავებული ცომი, რომელსაც სჭირდება სპეციალური მომზადება.) ცხვება. ცომის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ფქვილი, მარილი და წყალი. ცხობა ე.წ. ფურნეში მიმდინარეობს, რომელშიც ანთია შეშა, დაწვის შემდეგ, როცა ფურნე გახურდება, ცეცხლი გამოიხვეტება ფურნის კარში და გაღვივებული ცომის გუნდები ეწყობა გახურებულ აგურებზე. ცომის მომზადება-გაღვივებას 2,5-3 საათი სჭირდება, ხოლო ცხობას – 1,5-2 საათი. პურის ცხობისათვის ადგილობრივი წარმოებისა და შემოტანილი ხორბლის ფქვილის ნაზავია გამოყენებული.
საწარმო ასევე ცეხვილ პურს აცხობდა, რომელიც ადგილობრივი ხორბლის ფქვილით მზადდებოდა, დაფქულს დმანისშივე, წყლის წისქვილზე, ასეთი პურის წარმოება ამჟამად შეჩერებულია.
“ნამდვილ პურს” აქვს განსაკუთრებული და სპეციფიკური არომატი და გემო. მისი შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივად ისე, რომ არ დაკარგოს კვებითი ღირებულებები. ასეთ პურს ახლაც აცხობენ დმანისში ოჯახებში, რომელსაც 10-12 დღის განმავლობაში ინახავენ.
თბილისში “ნამდვილი პურის” განსაკუთრებული მომხმარებლები ბავშვები და უცხოელები არიან.
იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებას გამოთქვამენ სხვა ქსელური მაღაზიები, საწარმოს შეუძლია მათი მომარაგება წარმოების გაფართოების ხარჯზე.
დმანისის მუნიციპალიტეტში საკმაო შრომითი რესურსი არსებობს (ასეთი პურის ცხობის სპეციალისტები), რომელთა დასაქმებაც შეუძლია საწარმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები