საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქპატენტის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.
“თანამშრომლობის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ცნობიერების ამაღლება, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე დარგის განვითარების მხარდაჭერა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების პროექტებს. დაგეგმილია კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, დისკუსიების, ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება ინტელექტუალური საკუთრების აქტუალურ საკითხებზე.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ადვოკატების, პატენტრწმუნებულებისა და სხვა დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში კანონმდებლობისა და სამართლებრივი პრაქტიკის სრულყოფის მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას.
მხარეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას”,- წერია ინფორმაციაში.