პრეზიდენტი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის, ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის
“ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და, შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. პირველ ყოვლისა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის.
“ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანლებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენ მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა, თუმცა ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ,ლ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და, შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. პირველ ყოვლისა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე, შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ, ეს ასე არ არის. აწი ჩვენზე, ინდივიდურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისაგან. ასევე, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებასა და უფრო მეტ სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებასა და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებასა და, მაშასადამე, გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას. პირველად, კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ, რა ადგილს დავიკავებთ ჩვენ ახალ მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.