ჩეხეთის ელჩი: აუცილებელია, გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან სამუშაო შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა, პეტერ მიკისკამ საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისკენ მიღებულ გადაწყვეტილებებს მაღალი შეფასება მისცა.
„მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ სფეროში მიღწეული საქართველოს მთავრობის წარმატებაზე, რომელსაც ჩვენი მაღალი შეფასება მოჰყვა. ჩემი მილოცვა ძალიან გულწრფელია, რადგან ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით და ახლოდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.
პეტერ მიკისკას თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ჩვენი შეხვედრა ეხებოდა მომავალს და არა – წარსულს. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის ხელახლა გახსნაზე, საქართველოში ჩეხი ტურისტების ჩამოსვლაზე და, ასევე, როგორ უნდა დაინერგოს სათანადო პირობები და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა საქართველოში ჩეხი ტურისტების მისაღებად. ამისათვის აუცილებელია, გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს”, – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.