ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსული ინფექციის ზრდა მოსალოდნელი არაა.

“დღევანდელი მდგომარეობით, რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0.59, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილი არის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი, ჯერჯერობით, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან ამ რეგიონების შესწავლა მუდმივ რეჟიმში ხდება. ასევე, ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური”, – აცხადებს ტიკარაძე.
მისივე თქმით, ვირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

“ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად დაკვირვება, მიმდინარეობს სრული ზედამხედველობა ქვეყნის მასშტაბით როგორც სხვადასხვა რეგიონზე, ასევე, კრიტიკულ რეგიონებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტში.
თვითონ ვირუსის თვისებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენა ხდება 2 კვირის შემდეგ და, რა თქმა უნდა, ის, რასაც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს არის სიმართლე და სწორედ აქედან გამომდინარე არის გარკვეული რეგულაციები, ჯერჯერობით, კიდევ დატოვებული და ჩვენ ამას მკაცრად ვიცავთ. 2 კვირის შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ რამდენად მოხდა საქართველოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების ჯაჭვის სრული აღმოფხვრა. ამისთვის საჭირო არის ორი საინკუბაციო პერიოდი, რომ ჩვენ გვქონდეს უკვე სრულიად მტკიცებულებით იმის თქმის საშუალება და უფლება, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება აღარ მიმდინარეობს და ჩვენ არ ველოდებით იმ მოსალოდნელ მეორე ტალღას.
თუმცა, რაც მეორე ტალღასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, მეორე ტალღის მაღალი ალბათობით ჩვენ მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომაზე. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ჩვენ ველოდებით გარკვეულ შემთხვევებს, თუმცა მას არ ექნება ძალიან მაღალი რისკის მაჩვენებელი“, – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები