კახეთში საკვირაო ბაზრების გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
კახეთში საკვირაო ბაზრების გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება მონიტორინგსა და მოლაპარაკებებს ბაზრის ადმინისტრაციასთან ყოველდღიურად აწარმოებს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, ველისციხისა და ბოდბისხევის საკვირაო ბაზრები ამ დრომდე დაკეტილია. ბაზრის ადმინისტრაციას რეკომენდაციები უკვე გადაეცათ და ობიექტები ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში განაახლებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარ მიზანს ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოადგენს.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თვითდასაქმებულმა ადამიანებმა შეძლონ მუშაობა. მონიტორინგს ვახორციელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. ვცდილობთ, რომ დროულად მოგვარდეს ის აუცილებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, რაც ბაზრების გახსნისთვის არსებული რეგულაციების უპირობო შესრულებას გულისხმობს”, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
ცნობისთვის, რეგიონში არსებულმა აგრარულმა ბაზრებმა თელავის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მასშტაბით, რეგულაციების დაკმაყოფილების შემდეგ, მუშაობა სრული დატვირთვით რამდენიმე კვირის წინ განაახლეს.