“ძალიან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც ვერაფერს ამბობენ კმაყოფილების მეტს” – როგორ აფასებენ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას გორში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში მცხოვრები ტარიელ მუნჯიშვილი მრავალი წელია მხარეში ერთ-ერთი წარმატებული ფერმერია. როგორც “რეგიონულ კვირას” თავად უყვება. მისი წარმატების საიდუმლო მუდმივ შრომასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებაში მდგომარეობს.

ტარიელ მუნჯიშვილი თვლის, რომ მცირე და საშუალო მეწარმეები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ სოფლის მეურნეობისა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას დროულსა და აუცილებელს უწოდებს. ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმა კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს და შესაბამის პირობებს უქმნის ფერმერებს უხვი და ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად, რაც სავაჭრო ბაზარზე, როგორც მათზე, ასევე მომხმარებელზე მხოლოდ დადებითად აისახება.

„დღესდღეობით ეს დახმარება საშუალო და მცირე ფერმერებისთვის იყო ძალიან დროული და აუცილებელი, რადგან მათ იმდენი შემოსავლის წყარო არ აქვთ, რომ მთლიანად თვითონ უზრუნველყონ საკუთარი მოსავლის ბოლომდე დამუშავება და სხვადასხვა აგროვადების დაცვა.

სოფელში ვისაც კი ვხვდები, არ აქვს მნიშვნელობა, ვის უჭერენ მხარს, ყველა არის ძალიან კმაყოფილი. ძალიან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც ვერაფერს ამბობენ, კმაყოფილების მეტს. თუკი გაგრძელდება მსგავსი დახმარებები მხოლოდ მივესალმებით“,  – ამბობს ტარიელ მუნჯიშვილი.

ფერმერს მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კურკოვანი და მარცვლოვანი კულტურა 12 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ამბობს, რომ არა სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა მაგალითად “დანერგე მომავალი”, მისი საქმიანობა წარმატებული და შემოსავლიანი არ იქნებოდა. მისივე თქმით, დღეს სოფლის მეურნეობის დარგში ისეთი სახელმწიფო პროგრამებია შექმნილი, რომლებიც ფერმერებს იდეების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად აძლევს.

კვარხეთში მცხოვრებ ფერმერს არც კორონავირუსის დროს შეუწყეტია საქმიანობა. პანდემიის მიუხედავად, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, საკუთარ მრავალდარგიან მეურნეობაში მუშაობას აგრძელებდა.

„არის უამრავი პროექტი სახელმწიფოსგან, როგორც „დანერგე მომავალი”, ასევე ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსების პროექტები, ვისაც აქვს შნო და მონდომება, ჩაერთონ ამ პროექტებში და ყველაფერი გამოუვათ.

მე მაქვს როგორც ხეხილის ბაღები, ასევე მივყვები მეთესლეობას, ასევე მაქვს – სიმინდი, ხორბალი, ლობიო. ჩემი ოჯახის საკუთრებაში 12 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია, ყველანაირი ხილი გვაქვს. ხილის სანერგე მეურნეობა, როგორც ვაშლის, ასევე მსხლის, ქლიავის, ატმის ბაღები, ბოსტნეული.

ჩემნაირი საშუალო და მცირე ფერმერებისთვის კორონავირუსმა დიდი გავლენა არ მოახდინა. თუკი მომარაგებული იყავი თავის დროზე ყველაფრით, ჩვენ მეტი წილი ბაღში ვართ და ვშრომობთ. იყო მცირედი შეფერხებები, თუმცა დასვენებაც საჭიროა. როდესაც იყო ამ კორონას აქტიური ფაზა, ჩემთან იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამოსულები, ზუსტად იმ დროს მყავდა 5 კაცამდე მუშახელი და დისტანციის დაცვით ვმუშაობდით.

ვფიქრობ სოფელი ნაკლებად დაზარალდა ამ ვირუსების ფონზე“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ტარიელ მუნჯიშვილმა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება 20 მაისიდან დაიწყო.

სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპს, ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგების პროცესს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გორის მუნიციპალიტეტში პირადად გაეცნო.შიდა ქართლის რეგიონში აგრობარათს 40 000-ზე მეტი ფერმერი მიიღებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს უკვე შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).
პროგრამაში მონაწილეები დარიცხული ქულებისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე myliberty.ge მიიღებენ.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.

ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები