“ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება” – მაკა ბოჭორიშვილი
“საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის, თუმცა, ამ მიზანს აღარ ემსახურება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მინისტრი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობა აღარ მიიღოს.
“ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი, არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ამისთვის იყო ევრონესტი შექმნილი, რომ მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, თუ როგორ განვითარდა მუშაობა. ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ამ პლატფორმას. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ მიზანს აღარ ემსახურება, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის”, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.