“პარტნიორობის განხილვა ევროპულმა მხარემ გადაწყვიტა ისე, რომ რა პრინციპებიც ჰქონდათ მათ რუსეთთან დამოკიდებულების, უპირობოდ გაგვეზიარებინა ისე, რომ არც კი დავფიქრებულიყავით, როგორი იყო ჩვენი დაცულობის ხარისხი” – რომან კაკულია
“ღირებულებათა ნაწილში წარმოქმნილმა ძალიან მძაფრმა დაპირისპირებამ ჩვენს საერთო თემასა და ომთან დაკავშირებულმა ჩვენი დაუცველობის აბსოლუტურმა არაღიარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ პარტნიორები ვეღარ აღმოვჩნდით ერთმანეთში და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ასცდა”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“, საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, პარტნიორი არის, როდესაც აქვთ საერთო მიზანი და ამ მიზნისაკენ მიდიან ერთნაირი პრინციპებით.
“ჩვენს პარტნიორობას სამწუხაროდ გარკვეული გამოწვევები დაუდგა წინ. პარტნიორობა დაარღვია სწორედ იმან, რომ არ მოხდა დაუცველობის ხარისხის აღიარება, რომელიც ჩვენ გვქონდა. ჩვენი პარტნიორობის განხილვა ევროპულმა მხარემ გადაწყვიტა ისე, რომ რა პრინციპებიც ჰქონდათ მათ რუსეთთან დამოკიდებულების კონფლიქტთან მიმართებით, ჩვენ უპირობოდ გაგვეზიარებინა, ისე რომ არც კი დავფიქრებულიყავით, როგორი იყო ჩვენი დაცულობის ხარისხი.
მათი მიდგომა ასეთი იყო, თუ თქვენ ხართ ჩვენკენ მომავალი სივრცე, ჩვენი ნარატივები და მიდგომები უაპელაციოდ უნდა იყოს გაზიარებული თქვენ მიერ და შეკითხვაზე, ჩვენი დაცულობის ხარისხი რომ თქვენსას არ შეესაბამება, ამისათვის რა ვქნათ – ამაზე იყო დუმილი.
ამ ორმა რამემ: პირველი – ღირებულებათა ნაწილში წარმოქმნილმა ძალიან მძაფრმა დაპირისპირებამ ჩვენს საერთო თემასთან და მეორე – ომთან დაკავშირებულმა ჩვენი დაუცველობის აბსოლუტურმა არაღიარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ პარტნიორები ვეღარ აღმოვჩნდით ერთმანეთში და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ასცდა.
ჩვენმა ახალგაზრდებმა და დანარჩენმა ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან ეძვირფასებათ ევროპული სივრცე და ძალიან მიუღებლად მიაჩნიათ, ისევე როგორც ჩვენ, რუსულ სივრცეში დაბრუნება უნდა იცოდნენ, რომ ობიექტური მიზეზები არსებობს ინტერესთა არათანხვედრის და ამის გაუთვალისწინებლობა ჩვენთვის ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა კაკულიამ.