ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალია
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელის ანდრეა ამონის თქმით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა გარდაუვალია.
“კითხვა იმაშია, თუ როდის იქნება და რამდენად მასშტაბური”, – თქვა ამონმა.
მისივე განმარტებით, ამჟამინდელი ეპიდემია დასრულებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების მთავრობებმა შეზღუდვები შეასუსტეს.
“თუ ვირუსის მახასიათებლებს გადავხედავთ, გადავხედავთ იმას, თუ რა ხდება ქვეყნებში მოსახლეობის იმუნიტეტთან დაკავშირებით – მაჩვენებელი 2%-14%-ში მერყეობს, გამოდის რომ მოსახლეობის 85%-90% მოწყვლადი რჩება. ვირუსი ჩვენს ირგვლივ არის და იმაზე მეტად ვრცელდება ვიდრე იანვარ-თებერვალში. არ მინდა სიცოცხლის დასასრულის სურათი დავხატო, მაგრამ ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა არ არის მოდუნების დრო”, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე თქმით, მეორე ტალღა კატასტროფული შეიძლება არ აღმოჩნდეს, თუ ადამიანები წესებს და დისტანციას დაიცავენ.