ვინ არის დიმიტრი ბადინი, რომელმაც ანგელა მერკელის პირადი ფოსტა გატეხა

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთის ГРУ-ს ოფიცრის, დიმიტრი ბადინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. მას 2015 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნების დროს ბუნდესტაგზე უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმის განხორციელება ედება ბრალად. ბადინზე უკვე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

29 წლის დიმიტრი ბადინი კიბერსამყაროში ცნობილი ფიგურაა, გერმანია არ არის პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც მან კომპიუტერული მანიპულაციები გამოსცადა – მას ანტიდოპინგურ სააგენტო WADA-სა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შტაბის სერვერებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.  ბადინისა და მისი გუნდის კვალს ხედავენ იმ თავდასხმებში, რომლებიც განხორციელდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ოფისზე, შვეიცარიის ქალაქ შპიცში ქიმიურ ლაბორატორიაზე, დანიის მთავრობის სერვერებზე, ფრანგულ ტელეკომპანიაზე, მაკრონის ელექტრონულ ფოსტაზე და ასეთი კიდევ მრავალი სხვაა.

ბუნდესტაგზე ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის კიბერთავდასხმა  2015 წელს  თითქმის ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბევრმა გერმანელმა დეპუტატმა მაშინ ერთნაირი ელექტრონული გზავნილი მიიღო, რომლებშიც @un.org ფიგურირებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წერილები გაერო-სთან არის დაკავშირებული. მათში ინახებოდა ბმული, რომელზე გადასვლაც სისტემაში მავნებლური პროგრამა-ჯაშუშის შეღწევას იწვევდა. ჰაკერებმა გერმანელების კომპიუტერებიდან ამგვარად 16 გეგაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციის მოპარვა მოახერხეს. რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი.  ასევე, კიბერთავდასხმის შედეგად მოპარული იყო პარლამენტის თანამშრომლებისა და პოლიტიკოსების პაროლები, მიმოწერა, საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდუმლო მასალები და სხვა პირადი ინფორმაცია. ზიანი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამ შეტევის შემდეგ ბუნდესტაგის კომპიუტერული სისტემა რამდენიმე დღეს  გამორთული იყო.

რაც შეეხება უშუალოდ დიმიტრი ბადინს – ის  ГРУ-ს ელიტური სამხედრო ჰაკერული დანაყოფის, 26165-ის წევრად მიიჩნევა. ეს დანაყოფი კრიპტოგრაფებსა და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებს აერთიანებს. საბჭოთა დროში ეს სამხედრო დანაყოფი ГРУ-ს მეექვსე სადაზვერვო განყოფილებისთვის მონაცემების დაშიფრვითა და კრიპტოანალიზით იყო დაკავებული.

გავიდა წლები, რუსეთის ხელისუფლებამ ინტერნეტის ძალასა და მნიშვნელობას გემო გაუგო და 26165-ე დანაყოფის ბაზაზე ჯგუფი Fancy Bear/APT28 შეიქმნა. სწორედ ამ ჯგუფმა, რომლის რიგებში დიმიტრი ბადინიცაა, მიზანში არაერთი სახელმწიფო და მისი სტრუქტურები ამოიღო. მათი სამიზნეები გახდნენ უკრაინა და საქართველოც. Fancy Bear-მა უკრაინაში პოლიტიკოსების მეილები „დაჰაკა“, თავად რუსეთში ისინი ხშირად ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების ინფორმაციას იპარავენ, მათ შორის იყო ალექსეი ნავალნისა და მიხეილ ხოდორკოვსკის ელექტრონული ფოსტის მონაცემებიც. 2017 წელს Associated Press-ი  წერდა, რომ ჰაკერების ეს ჯგუფი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩაერია.  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციის ვებგვერდებზე, სერვერებსა და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე თავდასხმა. ამ შემთხვევაშიც იმავე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა „იმუშავა“. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. თავდასხმა დაგმო დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ნოვერგიამ, ჩეხეთმა, მონტენეგრომ, რუმინეთმა, ნიდერლანდებმა, კანადამ, ავსტრალიამ და უკრაინამ. რა თქმა უნდა, რუსეთმა პასუხისმგებლობისგან გაქცევის ჩვეულ მეთოდს მიმართა. მის წინააღმდეგ, უკვე მერამდენედ, გაერთიანებული ქვეყნები პროვოკაციაში დაადანაშაულა ისე, თითქოს, კრემლის სპეცსამსახურებს კომპიუტერი თვალითაც კი არ უნახავთ.

13 მაისს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა მომხდარი საკმაოდ მწვავედ შეაფასა.

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ, ყოველდღიურად ვმუშაობ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის და, მეორე მხრივ, როდესაც ვხედავ, არსებობს ასეთი მყარი მტკიცებულება, რომ  რუსეთი ასეთ ოპერაციებს ატარებს, ეს დაძაბულობას აჩენს“, – განაცხადა მერკელმა. მან აღნიშნა, რომ ჰაკერული თავდასხმა არა დამოუკიდებელ აქტად, არამედ რუსეთის ერთიანი ჰიბრიდული ომის ნაწილად უნდა აღვიქვათ. მერკელმა ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც გაიხსენა, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებენ. კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი იტოვებს უფლებას, რუსეთს შესაბამისად უპასუხოს. კრემლი  კვლავ  უდანაშაულო მსხვერპლის როლს ირგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები